Loading data...
ირაკლი კობახიძე - დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კაპიტულაციის აქტი, იქ გარკვეული გარანტიები იყო ჩადებული ქართული მხარისთვის და ჩვენი ამოცანაა, ეს შეთანხმება და მისი თითოეული პუნქტი ბოლომდე შესრულდეს

„დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ზუსტად ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კაპიტულაციის აქტი, იქ იყო გარკვეული გარანტიები ჩადებული ქართული მხარისთვის და ხელისუფლების ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება და მისი თითოეული პუნქტი ბოლომდე შესრულდეს.

„თავისთავად ეს იყო კაპიტულაციის აქტი და მარტივად ავხსნათ. იყო ომი ორ ქვეყანას შორის და რუსული მხარე იყო 12 აგვისტოსთვის შეტევაზე. როდესაც ასეთ დროს ფორმდება ზავის შეთანხმება, კაპიტულაციაა ეს შეთანხმება იმ მხარისთვის, რომელიც არის თავდაცვით მდგომარეობაში იმ მომენტისთვის. ანუ იმ დროისთვის, 12 აგვისტოს რუსეთი იყო შეტევით ფაზაში, საქართველო თავს იცავდა და ამ დროს როცა ხელი ეწერება ზავის შეთანხმებას, ეს თავისი არსით კაპიტულაციის აქტია. წაგებული მხარე როდესაც აწერს ხელს ზავის შეთანხმებას, მისთვის ეს არის კაპიტულაციის აქტი, აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება აბსოლუტურად ზუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კაპიტულაციის აქტი, იქ იყო გარკვეული გარანტიები ჩადებული ქართული მხარისთვის და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება და მისი თითოეული პუნქტი ბოლომდე შესრულდეს, რაც იოლი არ არის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, თუმცა ამაზე მუშაობს მთელი ხელისუფლება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნა პრემიერმა.