Loading data...
ირაკლი კობახიძე - ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ყველა ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება, ვაღწევთ ახალ სიმაღლეებს

„ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მიღწეული შედეგები აჩვენებს იმას, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება და ახალ სიმაღლეებს აღწევს.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან შეხვედრა. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, რა თქმა უნდა, ამისათვის თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მათ მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ჩემპიონატის მოგებისთვის, ეს არის გამორჩეული ისტორიული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისთვის.

ასევე, ჩვენ დავიკავეთ მე-4 ადგილი გუნდურ ტურნირზე და ესეც არის ისტორიული მიღწევა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა ოლიმპიურ გუნდურ მედლამდე, თუმცა მომავალი წინაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება წინ. მადლობა ეკუთვნის გუნდის თითოეულ წევრს, რომელმაც გამორჩეულად იასპარეზა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ნიკა ეგაძეს, რომელიც წელს გახდა ევროპის ჩემპიონი და ამით კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ევროპის ჩემპიონატზე სულ 4 მედლების კომპლექტი თამაშდებოდა და აქედან ორი ოქრო მოიგეს სწორედ ქართველმა სპორტსმენებმა, ეს არის მართლა გამორჩეული წარმატება, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს.

ყველას მადლობა, მადლობა ანასტასია გუბანოვას, დიანა დევისს, გლებ სმოლკინს, მათი წარმატებული გამოსვლისთვის ამ ოლიმპიურ თამაშებზე და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ოლიმპიურ თამაშებზე სალომე ჩიგოგიძის მსაჯობა, პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდა ქართველი მსაჯი და ესეც არის კიდევ ერთი წარმატება, რაც ქართულმა სპორტმა აჩვენა. ყველა ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება, ვაღწევთ ახალ სიმაღლეებს.

იყო სპორტის სახეობები, სადაც ტრადიციულად გვქონდა მაღალი მიღწევები, თუმცა უკვე ჩნდება ახალი სპორტის სახეობები, სადაც ასევე ვიღებთ ახალ შედეგებს უმაღლეს დონეზე და ეს ყველაფერი არის უდიდესი სტიმული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომ ისინი ჩაერთონ სპორტში და მიაღწიონ ასეთივე უმაღლეს წარმატებებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.