Loading data...
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზეც დგას ნებისმიერი ჯანმრთელი სახელმწიფო, კანონი დაიცავს პოლიციას და კანონი დაიცავს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან

„ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, კანონი დაიცავს პოლიციას, სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გასული ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა გამოიარა, რომელიც გარედან დაგეგმილი და კოორდინირებული იყო და რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს პოლიციელებზე თავდასხმა წარმოადგენდა.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც უზღუდავდა ადამიანებს პოლიციელებზე თავდასხმას, ეს მონათლეს, როგორც ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, დემოკრატიული უკუსვლა და ა.შ. შენ უნდა გქონდეს იმის უფლება, რომ ხელი გაარტყა პოლიციელს, შეაფურთხო პოლიციელს და იმან რეაქცია არ უნდა მოგცეს. ეს არის „დემოკრატია“ მათი გაგებით და თუ ამას ზღუდავ, ეს ყოფილა არადემოკრატიული ნაბიჯი. რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რა არის - უნდა გაარტყა პოლიციელს, შეაფურთხო პოლიციელს, პოლიციელი უნდა იყოს დაკნინებული. ასეთი პოლიციელის შექმნა უნდოდათ მათ თავის დროზე გახარიას მეშვეობით, როცა აჰყავდა მაგალითად, პანკისში სპეცრაზმი და შეურაცხყოფილს უწევდა წამოსვლა სპეცრაზმს პანკისიდან. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ასეთი მენეჯმენტი იყო, აგენტურა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაში. გახსოვთ ბასიანის მოვლენები, სხვა მოვლენები, როცა შეგნებულად, კონკრეტული აგენტი შეურაცხყოფილს ტოვებდა პოლიციელებს. ეს არის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - კანონი არ უნდა იცავდეს პოლიციელს არც შეფურთხებისგან, არც ხელის გარტყმისგან, არც შეურაცხყოფისგან, არაფრისგან და შენ თუ ამისგან იცავ პოლიციელს, ეს არის თურმე არადემოკრატიული ნაბიჯი. ეს ხომ სირცხვილია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რევოლუციების მეორე ინსტრუმენტია ქვეყანაში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივება გარედან და ამას აკეთებენ სოცმედიის, მედიის თუ უამრავი სხვა საშუალებით.

„პოლიტიკოსებზე, სამართალდამცველებზე ქუჩაში თავდასხმა, შეურაცხყოფა, უშვერი სიტყვებით გინება, ფურთხება და ა.შ. არის დემოკრატია და ამას თუ უპირისპირდები, ეს ყოფილა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები. ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზეც დგას ნებისმიერი ჯანმრთელი სახელმწიფო. როგორც კი შენ ვიღაცას აძლევ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინების საშუალებას, მაშინვე იშლება სახელმწიფო და ამას ცდილობდნენ ოთხი წლის განმავლობაში და უფრო ადრეც, მთელი ამ წლების განმავლობაში.

კანონი დაიცავს პოლიციას. კანონი დაიცავს სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან. ეს არ ხდება მარტო საქართველოში. ხშირად ვიხსენებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცნობილ 10-წუთიან ვიდეოჩანაწერს, სადაც ის დეტალურად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სლოვაკეთში. ზუსტად იგივე. სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სიძულვილის ხელოვნურად გაღვივება, ხელწერა არის ერთი და იგივე. ყველაფერი გარედან თავსმოხვეული. ჩვენ გვინდა სიძულვილი ან სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება? როდესაც ჩვენ ვიცავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, როდესაც ვიცავთ საზოგადოებას სიძულვილის გაღვივებისგან, ამას უწოდებენ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს.

ჩვენი ვალია ამ ქვეყნის წინაშე, რომ დავიცვათ სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან ჩვენი საზოგადოება და არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ სოციალური ინსტიტუტები, მათ შორის ჩვენი ეკლესია. რამხელა გარედან დაფინანსებული კამპანიები ჰქონდათ ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის იდენტობა. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ვერ მივცემთ. როცა ამას ვიღაცები უწოდებენ დემოკრატიულ უკუსვლას, ეს ძალიან კარგად მეტყველებს მათ განზრახვაზე. მათ უნდათ, ოთხი მცდელობის შემდეგ კიდევ ერთი, რევოლუციის მეხუთე მცდელობა მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ვერ ეღირსებიან. სახელმწიფო ბოლომდე გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს. ეს არის ის უალტერნატივო გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, მათ შორის იმ კანონების მიღებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა გასული თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.