Loading data...
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა

რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვის მიიჩნევს სამართალდამრღვევად შსს-ს ახლად შექმნილი ქვედანაყოფი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული და უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამ კუთხით სამართალდარღვევას ჩაიდენს.

„რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ და უმჯობესია, დავაკვირდეთ, თუ როგორ დაამკვიდრებს ამ პრაქტიკას როგორც ერთი, ისე მეორე უწყება და ორგანო. რაც შეეხება შეფარდების პრაქტიკას, აქ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული.

ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ბუნებრივია, ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული ეს კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოყალიბდება შსს-ში.

ცალმხრივი არ უნდა იყოს ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა, სიძულვილი ჩვენს საზოგადოებაში, ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს“, - აღნიშნა პრემიერმა.