Loading data...
ირაკლი კობახიძე: არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება, შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ

Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებზე გაიყიდა 60 000-ზე მეტი ბინა და ამას დემოგრაფიაზე არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

„არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება. შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. მთლიანობაში, რაც შეეხება მიგრაციულ ეფექტს, გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებზე გაიყიდა 60 000-ზე მეტი ბინა. კიდევ ერთხელ შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამას დემოგრაფიაზე არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია. ამას განაპირობებს ის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. აქაც სპეკულაციები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბინას ყიდულობს უცხოელი, მას ავტომატურად ენიჭება ბინადრობის ნებართვა.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ბინის შესყიდვისას 100 000 დოლარზე არის მიბმული ბინადრობის ნებართვის გაცემა, თუმცა აქ სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები - პირველი ის, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ავტომატური და შესაბამის პროცედურას გადის თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უსაფრთხოების კონტროლსაც.

ავტომატურად ვერავინ იღებს ბინადრობის ნებართვას. ისინი არ აკონკრეტებენ, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ისე წარმოაჩენენ საზოგადოების წინაშე, თითქოს, როგორც კი იყიდი 100 000 დოლარიან ბინას, შენ მუდმივად შეგიძლია იცხოვრო საქართველოში. ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, 6-დან 12 თვემდე, არავითარ გარანტიას არ გაძლევს ბინის შესყიდვა იმ კუთხით, რომ დარჩე საცხოვრებლად საქართველოში.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა. არის უამრავი სპეკულაციები, ძირითადად სტუდენტებთან დაკავშირებით. საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ არის 37 000 უცხოელი სტუდენტი დღევანდელი მდგომარეობით, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა არიან ინდოელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო ფაკულტეტებზე და ძირითადად, ამაზე აგებენ სპეკულაციებს მიგრაციის თემებთან დაკავშირებით.

შეგვიძლია ამ საკითხს ცალკე ინტერპელაციის პროცედურა დავუთმოთ და შეგვიძლია განვმარტოთ რა არის ეკონომიკური თუ ფინანსური ეფექტი იმისა, რომ გვყავს უცხოელები სამედიცინო ფაკულტეტებზე, რამდენი სამუშაო ადგილი იქმნება, რამდენი არის წვლილი და ა.შ. ერთად შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო პოლიტიკა. მანამდე ყველას ვურჩევდი, რომ შეეშვან სპეკულაციებს. ამ პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ, გარდა იმისა, რაც ზოგადად კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა პრემიერმა.