ირაკლი კობახიძე: 2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ვფიქრობთ, ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ
2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში.
„შეჯამდა შარშანდელი ეკონომიკური ზრდის მონაცემები, გვაქვს წინასწარი მაჩვენებელი. შარშან ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,5% გვქონდა იმაზე მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე გათვალისწინებული იყო პირველადი პროგნოზით, რაც შემოგვთავაზა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, შემდეგ გადავაჭარბეთ დაზუსტებულ პროგნოზსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის ბოლოს გადააჭარბა 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე, პირველად გადააჭარბა 10 000 დოლარს. შარშან წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ შეადგინა 104 მლრდ ლარი.
რაც შეეხება 2026 წელს, ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს. თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენი მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ჩვენი ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ჩვენს ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები გავაკეთოთ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით “, - განაცხადა პრემიერმა.