ირაკლი კირცხალია: საგამოძიებო კომისია არის არა ისტორიის გადაწერა, არამედ იმ დამღუპველი ისტორიის აღდგენა და სისასტიკის ლუსტრაცია, რაც ხდებოდა 2012 წლამდე

ისტორიის გადაწერა კი არ მიდის, ისტორიის გადაწერა და ახალი ქართველის შექმნა უნდოდა ზუსტად იმ რეჟიმს, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი წარმოადგენდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, ის ასევე იმ რეჟიმის გადმონაშთია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა ირაკლი კირცხალიას კითხვა დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის მიერ საგამოძიებო კომისიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საზოგადოებამ იცის, თუ რამე წარმატებას მიაღწია, სიბნელიდან, ჭაობიდან ამოვიდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა, სწორედ 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე პერიოდია. ამიტომ, ამ ისტორიის გადაწერა უნდათ, ამ მეხსიერების შეცვლა უნდათ“.
როგორც კირცხალიამ განაცხადა, ისტორიის გადაწერა კი არ მიმდინარეობს, არამედ მიმდინარეობს იმ დამღუპველი ისტორიის აღდგენა, რაც იყო 2012 წლამდე.
„საკანონმდებლო ორგანოში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ინტერესია საგამოძიებო კომისიის მიმართ, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში და თვალყური ადევნონ. ისტორიის გადაწერა კი არ მიმდინარეობს, არამედ მიმდინარეობს იმ დამღუპველი ისტორიის აღდგენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. მიმდინარეობს ლუსტრაცია იმ სისასტიკის, წამების, რეკეტის, ქვეყნის პირდაპირი ღალატის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. როგორ შეიძლება, რებრენდინგული „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის წარმომადგენელს ენა მოუბრუნდეს ომის დაწყებაზე, როდესაც ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ორ უმაღლეს საერთაშორისო ინსტანციაში, მათ მოღალატეობრივ – რეზოლუციის დათანხმებას, ხელმოწერას, დასკვნაზე თანხმობას რეალურად წერტილი დაუსვა და დაერქვა რუსეთს ოკუპანტი.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. იცით, რომ კომისიის ვადა გაგრძელდა ძალიან ობიექტური მიზეზების გამო. დაველოდოთ დასკვნებს. დღევანდელი ფაქტიც რომ გავიხსენოთ, დღეს ორი ოჯახის წარმომადგენელი საუბრობდა. წარმოიდგინეთ, რა ტრაგედია აღიდგინა დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ე.წ. ნავთლუღის ოპერაციით რომელიც არის ცნობილი. ჩემი მეგობარი მოესწრო ამ მოვლენებს. მითხრა, რომ მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე როდესაც მივედითო, იმ დახვრეტილი ბიჭების სისხლიც კი არ ჰქონდათ მორეცხილი. საჩვენებლად იყო, რათა ყველას ენახა, რა რეჟიმთან და სისასტიკესთან ჰქონდათ საქმე. ასეთ ტერორში აცხოვრებდნენ თავიანთ მოქალაქეებს და დღეს კიდევ პრეტენზია აქვთ, რომ რაიმე პოლიტიკური აქტივობა ჰქონდეთ. უბრალოდ ამაზრზენია მათი მხრიდან ამ ყველაფრის მოსმენა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.