ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანსს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი
„პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
კირცხალია გერმანიის ელჩს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის არ მოქმედებს დიპლომატიური ნორმების შესაბამისად. მისივე თქმით, ელჩის განცხადებები პარტიული და პოლიტიკურად მიკერძოებულია.
„დაველოდოთ, მას სულ რაღაც რამდენიმე თვე დარჩა ამ ქვეყანაში დიპლომატიური მოღვაწეობის. ნამდვილად რთულია ასეთ ადამიანზე და ამ პიროვნებაზე თქვა დიპლომატიური, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა, ყველა ის საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. დავანებოთ თავი ვენის კონვენცია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დახია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. პირობითად გვარამია და პირობითად ფიშერი ერთი რიტორიკით გვესაუბრებიან და ესაუბრებიან ჩვენს ხალხს. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანსს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი. პეტერ ფიშერი ჩვენთვის არ არის გერმანია და როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ელიტის დღევანდელი წარმომადგენლები ჩვენთვის არ არის ევროპა. თუნდაც, ~ ბრიტანეთში დღევანდელი მმართველი ელიტა როგორ არ არის დიდი ბრიტანეთი და მისი ისტორიული კულტურა, დემოკრატიული ფასეულობები და საწყისები, რომელიც ეტალონი იყო მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.