ირაკლი კირცხალია პენსიების ზრდასთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე: ეს დავაანონსეთ კიდევაც, მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
„ეს დავაანონსეთ კიდევაც. მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული, რომ პენსია იყოს იმაზე ბევრად მაღალი, ვიდრე ახლაა. ეს პროცესი მიბმულია ეკონომიკურ ზრდასთან.
„მინდა პრემიერს მადლობა გადავუხადო, ჩვენი ერთობლივი მუშაობით უკვე გადაწყდა პენსიების ზრდა. ეს დავაანონსეთ კიდეც. მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ პენსია 2000, 3000 ლარი იყოს?! ვის არ უნდა?! მაგრამ არსებობს ეკონომიკა, განვითარებადი ქვეყანა ვართ. ვხედავთ, როგორ ვვითარდებით. ჩვენი საზოგადოება ხედავს, როგორ ვითარდება ქვეყანა წლიდან წლამდე, ბიუჯეტს ვხედავთ, როგორ იზრდება წლიდან წლამდე. უდიდესი ნაწილი, ყველაზე დიდი ციფრები ჩვენს ბიუჯეტში არის სოციალური მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა არის სოციალური კომპონენტის წილი ბიუჯეტში ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობისთვის და საერთაშორისო ფონდებისთვის. ყველამ ვიცით, რომ არის საგარეო ვალი, არის შიდა ვალი, არის ციფრები - ამ ზღვარზე უნდა ვიაროთ. ამ ზღვრის შენარჩუნება ხდება ეკონომიკის ზრდით. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ასეც არის. წელი არ მახსოვს, სადაც ჩვენ ვგეგმავდით 5%-იან ზრდას და შემდეგ მსოფლიო ბანკი და ა.შ. პირველივე კვარტალში არ გვიზრდიდა 7-დან 8%-მდე, ხშირად კვარტალს ორნიშნა ზრდით ვამთავრებდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარიც შენარჩუნდეს, ეკონომიკაც გაიზარდოს და ბიუჯეტიც გაიზარდოს. დამერწმუნეთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ, მაგრამ შეუძლებელია, ყველაფერი ერთ დღეში მოგვარდეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.