Loading data...
ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია - რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, საქართველო და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ასე გაგრძელდება

„ის ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტი, რომელიც საზოგადოებამ ნახა ჩვენს ქვეყანაში, თუ რეალურად, რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და არაერთი განმარტება გაკეთდა ამ თემასთან დაკავშირებით“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ჩინეთში, შანხაის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების არ მიწვევასთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალიას აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციის მორიგ სპეკულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს, ასეც გაგრძელდება.

„ხოლო, რაც შეეხება, ოპოზიციის მორიგ სპეკულაციას, თავიანთი მოკლე ჭკუით იფიქრეს, რომ რაღაც წაუგებელს ითამაშებდნენ ამ სრულიად აბსურდულ, სპეკულაციურ განცხადებებში. განმარტება გაკეთებულია, ვინ იყვნენ იქ რეგლამენტის მიხედვით მიწვეულები, რაც შეეხება ჩინეთში წასვლა - არ წასვლას, კარგად გვახსოვს მათივე სპეკულაციები და მათივე პატრონების, საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რა დღეში იყვნენ, კარგად გვახსოვს ის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ვხედავდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს თავი, რომ დავანებოთ იმ 800 მილიარდამდე სავაჭრო ბრუნვას ევროკავშირთან, არაფერს ვამბობ აშშ-თან, მაინც ჩვენთან ეს ორმაგი სტანდარტი ზეიმობდა და ამ ორმაგი სტანდარტის ზეიმის მონაწილეები იყვნენ აი ეს მოკლე ჭკუის პატრონები, რომლებმაც დღეს იფიქრეს, რომ ამ განცხადებით რაღაც წაუგებელ სერიას ითამაშებდნენ. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, ძალიან კარგად იციან მათაც, ჩვენმა მეგობრებმაც, ჩინეთმაც, რომ საქართველო და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ასე გაგრძელდება“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.