Loading data...
ირაკლი კირცხალია: ქვეყნის გარეთ მყოფი აგენტურა ფიქრობდა, რომ შეეძლოთ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაშანტაჟება რაიმე ფინანსური სანქციით, ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს მათი ბერკეტი და არ იციან, როგორ გამორჩეულ ლიდერთან აქვთ საქმე

არ დარჩენილა, ალბათ, ინსტანცია არცერთ იმ ქვეყანაში, სადაც ეს სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა, სადაც 100 %-ით არ გამართლდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სადაც კი წარიმართა სამართლებრივად და ობიექტურად პროცესი, ყველგან დამარცხდა ის მხარე, რომელიც ბინძურად ცდილობდა, რომ სამართლებრივ დავაში შესულიყო ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გარე აგენტურას იმედი ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაშანტაჟებას რაიმე ქონებრივი სანქციით შეძლებდნენ, მაგრამ მათ არ იციან, როგორ გამორჩეულ ადამიანთან აქვთ საქმე.

„ქვეყნის გარეთ მყოფი აგენტურა ფიქრობდა, რომ შეეძლოთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაშანტაჟება რაიმე ქონებრივი, ფინანსური სანქციით, ისინი ასე ფიქრობენ, ასე მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება იყოს მათი ბერკეტი და მათ არ იციან, ვისთან აქვთ საქმე, ნამდვილად არ იციან, რა ქვეყანასთან აქვთ საქმე და რა ქვეყნის გამორჩეულ ლიდერთან აქვთ საქმე. ეს არის მათი პრობლემა და ეს არის, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. აქ იკითხება, სად დგას ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სად დგას ჩვენი ქვეყანა. მოვა დრო და არსად არ წავა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელ დოკუმენტებშიც ასახულია ყველა ის განაჩენი, რომელიც დადგა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. ისტორია დააფასებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს და ჩვენი ქვეყნის იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ არის ნაკარნახევი მისი ლიდერობით, 2012 წლიდან, განსაკუთრებით კი 2022 წლის შემდეგ ამხელა უსამართლობის ქარ-ცეცხლი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და გადის დღესაც. ამით ყველაფერზე პასუხია გაცემული და ასევე, არსად არ წავა არცერთი ის ბინძური პოლიტიკური განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ე.წ მეგობრების მხრიდან და არც ის ბინძური მოქმედებები და ბერკეტები მათ ხელში, რომლებსაც საერთოდ რა აინტერესებთ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო საზღვარგარეთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.