კისლიცას თქმით, ჟენევაში აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ყველაზე საკამათო საკითხები ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გადასაწყვეტი დატოვეს
ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს, თუმცა პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე საკითხები ორივე ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე გადასაწყვეტი დატოვეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ Financel Times-ს განუცხადა.
კისლიცას თქმით, რომელიც ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, შეხვედრა „დაძაბული“, მაგრამ „პროდუქტიული“ იყო და დასრულდა საფუძვლიანად გადამუშავებული დოკუმენტის პროექტით, რომელმაც ორივე მხარეს „დადებითი“ შთაბეჭდილება დაუტოვა.
როგორც კისლიცამ აღნიშნა, ჟენევაში რამდენიმესაათიანი ფრთხილი მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკულმა და უკრაინულმა გუნდებმა რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ყველაზე საკამათო საკითხები „ფრჩხილებში“ ჩასვეს. კერძოდ, საუბარია ტერიტორიულ საკითხებსა და ნატოს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე. ეს საკითხები დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გადასაჭრელი დარჩა.
კისლიცას თქმით, ახალი პროექტი ნაკლებად ჰგავს სამშვიდობო წინადადების ადრე გამოქვეყნებულ ვერსიას, რამაც კიევში მწვავე რეაქცია გამოიწვია. „თავდაპირველი ვერსიიდან ძალიან ცოტა რამ არის შემორჩენილი“, - განაცხადა მან.
„ჩვენ შევიმუშავეთ მყარი საფუძველი დაახლოებისთვის და რამდენიმე საკითხი, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა შეგვიძლია. დარჩენილი საკითხები ხელმძღვანელობისგან გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, - დასძინა მან.
კისლიცას თქმით, ამერიკელები ყურადღებიანები იყვნენ, მზად იყვნენ, მოესმინათ უკრაინელების მოსაზრებები და ღია იყვნენ წინადადებების მიმართ. „თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, გათვალისწინებული იყო“, - აღნიშნა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ამერიკული მხარე, როგორც ჩანს, მზადაა, უარი თქვას უკრაინის არმიის 600 000 სამხედრო მოსამსახურით შეზღუდვის წინადადებაზე. მისი თქმით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ყურადღებით მოუსმინეს უკრაინის არგუმენტებს და შეთანხმდნენ, რომ ამ პუნქტებს გაითვალისწინებდნენ.
„ისინი შეთანხმდნენ, რომ [პროექტის] გაჟონილ ვერსიაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი ავტორი, უკრაინული არმიის ზომა აღარ განიხილება“, - განაცხადა კისლიცამ.
მისივე თქმით, თავდაპირველ პროექტში პოტენციური ომის დანაშაულებისთვის საყოველთაო ამნისტიის წინადადება გადაიხედა, რათა გათვალისწინებული იყოს „იმ ადამიანების საჩივრები, რომლებიც ომის დროს დაზარალდნენ“.
მან არაერთხელ შეაქო ამერიკული გუნდის „კონსტრუქციული ჩართულობა“, რუბიოს, დრისკოლისა და კუშნერის გამოყოფით: „მათ არასდროს უთქვამთ: „ჩვენ ამას არ განვიხილავთ“. ჩვენ საფუძვლიანად განვიხილეთ ყველა საკითხი“.