ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო მზაობა, რომ აშშ-თან ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შავით თეთრზე წერია ფურცელზე, გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში

„ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო მზაობა, რომ [აშშ-თან] ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შავით თეთრზე წერია ფურცელზე, გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას, ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მიწერილი ღია წერილის შემდეგ და რას ეყრდნობა წერილში ნახსენები ოპტიმიზმი.
„ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო მზაობა, რომ [აშშ-თან] ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შავით თეთრზე წერია ფურცელზე, გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში. ყველა შეხვედრაზე, იქნებოდა ეს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ვაფიქსირებდით და წერილშიც წერია, რომ ვაფიქსირებთ მზაობას, ოღონდ ღირსეულ საფუძვლებზე და არა ვასალურზე, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს უნდოდა კონკრეტულ ჯგუფებს. როდესაც „მეგობარ აქტზე“ ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ის ჩარჩენილი საცეცები, რომლებიც კიდევ ერთხელ იყენებენ მღვრიე წყალს და ახალი ადმინისტრაციის გადართვას სხვა, გლობალურ საკითხებზე. ლეგიტიმურია, რომ კითხვა გაგიჩნდეს, რომ რა ხდება“, - აღნიშნა კირცხალიამ.