Loading data...
„მკაფიო სიგნალი მსოფლიოსთვის“ - ერმაკის თქმით, ზელენსკი სტამბოლში გაემგზავრება მაშინაც კი, თუ პუტინი პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გაემგზავრება მაშინაც კი, თუ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. ეს მთელი მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი იქნება, რომ მოსკოვს მშვიდობა არ სურს და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტი ზელენსკი ხუთშაბათს [15 მაისს] თურქეთს ეწვევა. ის ძლიერი ლიდერია, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. ის მზად იქნება, მოლაპარაკებების ფორმატის მიუხედავად. არ ვიცით, იქნება თუ არა იქ ვლადიმერ პუტინი. რუსებმა არ გვიპასუხეს. თუმცა, ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ მოლაპარაკებები სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ერმაკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის მზადაა, მაგრამ არსებობს ერთი პირობა - სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. ერმაკის თქმით, უკრაინამ უკვე აჩვენა გახსნილობა და პატიოსნება, ახლა კი რუსეთის ჯერია.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მოლაპარაკება შეუძლებელია, როდესაც რაკეტებითა და დრონებით გიტევენ. ერმაკმა გაიხსენა, რომ ამ მიდგომას კიევში ვიზიტისას მხარი დაუჭირეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა კირ სტარმერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. 

„თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში არ ჩავა, ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მკაფიო სიგნალი იქნება, რომ მას არ სურს მის მიერ დაწყებული ომის შეჩერება, რომ არ სურს მშვიდობა, ან სერიოზული მოლაპარაკებები“, - აღნიშნა ერმაკმა.

მან დასძინა, რომ დონალდ ტრამპი ამ სიგნალს ნათლად განმარტავს. ამერიკელი ლიდერი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, დადასტურება ჯერ არ ყოფილა.

„მოდით, ვიყოთ გულახდილები. ჩვენ რუსეთს არ ვენდობით. ვლადიმერ პუტინმა პირადად გადაწყვიტა ამ ომის დაწყება და ის აგრძელებს ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების ხოცვას. მაგრამ ჩვენ გვსურს ამ კონფლიქტის შეჩერება და მზად ვართ, მივიღოთ მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატი.

რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება შეუძლებელია იმ ქვეყნის გარეშე, რომელმაც ის დაიწყო. თუმცა, ჩვენ ასევე ვითხოვთ შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მეგობრების ჩართულობას ამ დისკუსიებში. ეს პარტნიორები არ უნდა იყვნენ უბრალოდ მოსკოვის მხრიდან ტყუილისა და ზეწოლის მოწმეები“, - დაასკვნა ერმაკმა.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 15 მაისს სტამბოლშია დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი მონაწილეობა და ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ პუტინი მას პირადად დაესწრება.

ამასთან, კრემლს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა განიხილა, თუმცა დეტალები უცნობია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, თუ ეს მშვიდობის მიღწევას ხელს შეუწყობს. ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი შეხვედრაზე დასწრებას შეძლებს.