ირაკლი კირცხალია: ხაბეიშვილის გადატრიალება არ გაიშვას - გარე პატრონებიდან ექნებათ მაქსიმალური დახმარება

„ხაბეიშვილის გადატრიალება არ გაიშვას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანის კითხვაზე, ხაბეიშვილი და მისი ჯგუფი 4 ოქტომბერს აპირებენ მასშტაბური პროტესტი მოაწყონ, რევოლუციაც დააანონსეს და „მშვიდობიანი დამხობაც“ - რა ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას, რა პროცესებისკენ მიდის ქვეყანა, კირცხალიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ძალებს გარედან ექნებათ მაქსიმალური დახმარება პროცესების ესკალაციისთვის.
„ხაბეიშვილის გადატრიალება არ გაიშვას. რაც შეეხება, საით მიდის ეს ყველაფერი, მაქსიმალურად შეეცდებიან და გარე პატრონებიდან ექნებათ მაქსიმალური დახმარება - მოწოდებებით, ხშირ შემთხვევაში დუმილით, განცხადების არ გაკეთებით, ძალადობის წახალისებით, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ რაღაც ესკალაცია ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ გარე ძალების დაყრდნობით და გარე ძალები ვის ეყრდნობიან? - ხაბეიშვილს.
ჯერ ერთი, მოკლე ჭკუის მრჩევლები ჰყავს - „მშვიდობიანი დამხობა“! რას ნიშნავს „მშვიდობიანი დამხობა“?! მშვიდობიანი მოწოდება რევოლუციისკენ?! - მშვიდობიანად დაწვეს პარლამენტის შენობა, მშვიდობიანად დაასახიჩრეს პოლიციელები, მშვიდობიანად ისვრიდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და შემდეგ მათი პატრონებიც მშვიდობიანად გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, რომ თურმე, ეს არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. თურმე, ეს არის დემოკრატიის ზეიმი, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი სპეცრაზმელს, როდესაც დაწვავ ადმინისტრაციულ შენობას, როდესაც აბულინგებ, როდესაც რევოლუციაზე საუბრობ - ეს თურმე, ყოფილა დემოკრატიის აღზევება, შუქურა და მწვერვალი“, - განაცხადა კირცხალიამ.