ირაკლი კირცხალია - ჩვენ ევრობიუროკრატიასთან მიმართებით არაფერს ვაპირებთ, მათი მხრიდან რამე ადეკვატური ნაბიჯის გადადგმის მოლოდინი არ გვაქვს
„ჩვენ საერთოდ არ გვაქვს მოლოდინი ევრობიუროკრატიის მხრიდან რამე ადეკვატური ნაბიჯის გადადგმის“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, უვიზო გადაადგილების შეზღუდვა მოსახლეობაზეც გავრცელდეს და როგორია მმართველი გუნდის მოლოდინი.
„ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ვთქვათ, ეს არის შანტაჟის ბოლო იარაღი მათ ხელში, რომელიც დარჩათ. ხშირად ისმება კითხვა, რას აპირებთ ევროკავშირთან და იმ ბიუროკრატიასთან მიმართებით, რომელი ბიუროკრატიაც ასე უტიფრად და თავხედურად იქცევა ჩვენს ქვეყანაში. მიზანი იყო ერთი და ამას მტკიცება აღარ სჭირდება, რომ ჩვენ უნდა გავმხდარიყავით სტატისტიკა იმ სისხლისმღვრელ და დამანგრეველ ომში, რომელიც რა სტადიაზეა დღეს ევროპის შუა გულში, ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენც და მსოფლიოც. ეს იყო მიზანი, თურმე, როგორ გაბედა ჩვენმა ქვეყანამ, დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და აირჩია მშვიდობის პოლიტიკა“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევრობიუროკრატიასთან მიმართებით არაფერს არ აპირებს.
„არაფერს არ ვაპირებთ ამ ბიუროკრატიასთან მიმართებით. იცით, რატომ? კითხვას ვსვამ, ქვეყანა ინსტიტუციურ დონეზე ასრულებს აბსოლუტურად ყველაფერს, იურიდიული, სამართლებრივი, ეკონომიკური, თუ ყველანაირი პუნქტობრივი მიმართულებით, ხომ? დეტალებში რომ არ წავიდე, მარტივია, ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, რამდენი პროცენტია დღეს შესრულებული ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას შორის? მეორე, ყველა მიმართულებით, ყველა კვლევით, რომელიც მათ შორის, ევროკომისიის მიერ არის დაკვეთილი, სად არის და პოზიციონირებს ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის? ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ გავიგე ეს ყველაფერი, მაგრამ შენ თუ არ იქეცი მარიონეტად, თუ არ იქნები ჩემი დაქვემდებარებული ხელისუფლება, როცა გეტყვი, თუ არ შეხვალ ცეცხლის ალში, თუ არ მიიღებ ან არ გაიწვევს ამა თუ იმ კანონს და არ იქნები ჩემი ყურმოჭრილი მონა ხელისუფლება, მაშინ ის ყველა მიღწევა, რომელიც შენს ქვეყანას აქვს, ჩემთვის არაფერია. ხოლო ამ ყველაფერთან ერთად წითელი ხალიჩა გარანტირებული გაქვს, როგორც ხელისუფალს ჩემ კარზე. ამას გვეუბნება დღეს ის ბიუროკრატია და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, ან რას უნდა ვაპირებდეთ მათ მიმართ?! ჩვენ ხელში არის ერთი ყველაზე მთავარი იარაღი, სიმართლე და ძალიან მშრალი ფაქტები. მონაცემები, რომლითაც მოწინავე პოზიციაზეა ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის თემა იქნება ბოლო შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, შანტაჟის იარაღის ბოლო ტყვია, რომელიც მათ აქვთ თავიანთ ბინძურ არსენალში, რომელი არსენალითაც ყველა ტყვია გაისროლეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია არ არის ევროპა, რომელ ევროპასაც იცნობდა მსოფლიო.
„ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთგულნი ევროპული ღირებულებების და გადგება დრო, როდესაც ევროპაში ევროპა დაბრუნდება. კიდევ ერთხელ, ძალიან კარგად ახსოვდეს თითოეულ იმ სახელს და გვარს, რომელიც დღეს ამ ბინძური პოლიტიკით არის დაკავებული ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ დადგება დრო, როცა ის ქვეყნები და ის კავშირები აღიდგენენ იმ ღირსებას, რასაც პატივს სცემდა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო“, – განაცხადა კირცხალიამ.