Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, დასავლეთში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია

„ვფიქრობ, დასავლეთში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

მან 4 ოქტომბრის მოვლენები და ამ თემაზე ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა. ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში პოლიტიკურ ძალთა პლასტი ძალიან მრავალფეროვანია.

„მე მგონია, რომ დასავლეთში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, საქართველო-ევროკავშირის დაახლოებისთვისაც. ამის გათვითცნობიერება და გააზრება ხდება. უბრალოდ, არ არის ადვილი, მძიმე ვითარებიდან უცებ გადმოხვიდე კონსტრუქციული დიალოგისკენ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საამისოდ გეოპოლიტიკური სურათი კიდევ უფრო უნდა დამშვიდდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება იქნება შემოტრიალების ერთ-ერთი წერტილი. ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ფასეულობების გადაფასება ევროპის ქვეყნების მოსახლეობაშიც უკვე მიმდინარეობს.

„ერთი რამაა მთავარი, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს ჩვენს პრინციპზე, ღირებულებაზე და არჩევანზე უარი. უბრალოდ, ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ ევროპა და ევროკავშირის გარკვეული ბიუროკრატია მოქმედებს ევროპული ფასეულობებიდან განყენებულად და პირდაპირ პოლიტიკური მანიპულაციის, ჩარევის, დემოკრატიული პრინციპების, სუვერენიტეტის დარღვევისა და რაც კიდევ უარესია, ამის რეალიზაციისთვის მოსახლეობაში უკიდურესი დაპირისპირების გაღვივების პოლიტიკას აწარმოებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ შევეგუებოდით. არცერთი ნორმალური ხელისუფლება ამას არ შეეგუებოდა და ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ და მკაცრად გამოვხატეთ.

საბოლოო ჯამში, ამან თავისი შედეგი მოიტანა. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და არავის მივეცით იმის საშუალება, რომ ეს ქვეყანა გარედან ყოფილიყო მანიპულირებული. როლი, რომელიც შეიძლებოდა ამ დიდ ომში „დაგვკისრებოდა“, იქნებოდა დამანგრეველი, ჩვენ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ. პირიქით, ქვეყანაში სტაბილური განვითარების ვექტორი შევუნარჩუნეთ და ეს ვექტორი მზარდია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.