Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით

„ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

დეპუტატმა ვენეციის კომისიის მიკერძოებულობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ვენეციის კომისიას წმინდა სამართლებრივი დასკვნები უნდა გაეკეთებინა.

„კომისია თავის დროზე შექმნილი იყო სწორედ იმისთვის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებულობის გარეშე, წმინდა სამართლებრივი დასკვნები გაეკეთებინა ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში.

თუმცა, საქართველოს მაგალითზე ყოველთვის ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს ხოლმე, რომ ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით იყო შემოფარგლული და მათ მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გარკვეულწილად, ეს ყველაფერი სწორედ იმ შიდა ეროზიის შედეგია, რაც მთელ რიგ საერთაშორისო სტრუქტურაში ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.