Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, ის, რაც ხდება გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, არ არის სპონტანური - კარგად იციან, რომ მიზანმიმართულად არღვევენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა პრინციპს, დიპლომატიური საქმიანობის კანონს

სამწუხაროდ, ის, რაც ხდება ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის და ასევე, გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, არ არის სპონტანური, გაუაზრებელი საქციელი. მათ კარგად იციან, რასაც აკეთებენ და ისიც იციან, რომ მიზანმიმართულად არღვევენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა პრინციპს, დიპლომატიური საქმიანობის კანონს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელიც დიპლომატების საქმიანობას ეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად უყენებდნენ, რომ ქვეყანაში არ უნდა ყოფილიყო პოლარიზაცია, თუმცა ისინი აფინანსებენ პოლარიზაციას, გაუსაძლის ფსიქოლოგიურ წნეხს ადამიანებზე.

„ფსიქოლოგიურ ზეწოლა, გინება, წყევლა, რაღაცნაირად ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში გაწევრიანებული აქტივისტების ყოველდღიურ „ბრძოლის“ იარაღად იქცა და ის დიპლომატები და წარმომადგენლობები, რომლებიც აფინანსებენ, ან რომელთა ქვეყნებიც დონორებად გვევლინებიან, მიუხედავად მრავალი ჩვენი მოწოდებისა, ამას არ გმობენ და არანაირ რეაგირებას არ ახდენენ.

მაშინ რა მნიშვნელობა აქვს [შალვა პაპუაშვილის] ამ წერილს? - რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ჩარევა იყოს, ყველაფერს ისევ წყვეტს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, ამ ინფორმირებულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, როდესაც საზოგადოება ინფორმირებულია, როდესაც საზოგადოებას აზრის ჩამოყალიბების საშუალება ეძლევა, სწორედ ამ არამართლზომიერი მექანიზმების გამოყენება ეფექტურობას კარგავს და ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ასეთი უხეში ჩარევების მარგი ქმედების კოეფიციენტი მინიმუმამდე დავიყვანოთ და ამით მეორე მხარესაც დავანახოთ, რომ ასეთ მიდგომებს აზრი არ აქვს. ეს საქართველოზე აღარ ჭრის და დაუბრუნდნენ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების რეჟიმს. ვფიქრობ, ასეთ მხილებას, პოზიციის ჩვენებას საზოგადოებისთვის სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში მეორე მხარეც დაინახავს, რომ მსგავს ქმედებებს აზრი არ აქვს. ქადაგიშვილმა საუბრისას გაიხსენა ასევე „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები.

„უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ ამან თავისი სამწუხარო შედეგი უკვე გამოიღო. უკანასკნელმა კვლევებმა, რომლებიც ევროკავშირის დაკვეთით ჩატარდა, დაგვანახა, რომ მკვეთრადაა შემცირებული საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა და ნდობის ეს შემცირება გამოიწვია სწორედ ორმაგი, თუ სამმაგი, ან ხშირად ყოველგვარი სტანდარტის გარეშე ევრობიუროკრატების გარკვეული ნაწილის მოქმედებამ. ანუ, აქ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება ევროპის მიმართ კი არ გაციებულა, გაცივდა სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის ასეთი ტიპის ქმედებების მიმართ და ეს მათთვისაც, ალბათ, გარკვეული დასკვნის გაკეთების საფუძველი უნდა გახდეს.

ვფიქრობ, ჩვენი ეს დაჟინებული მოთხოვნა, რომ ქვეყნებს შორის, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ნორმალური ურთიერთობა და არ გახდეს ბოლომდე მძევალი იმ პოლიტიკისა, რომ „მე აქ თუ ჩემთვის სასურველ ხელისუფლებას არ მოვიყვან, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ ასეთ არაკორექტულ ნაბიჯებს გადავდგამ“. მე მგონი, ამის გააზრების დროც მოვა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, დიპლომატიის კრიზისი მარტო საქართველოში არ შეინიშნება.

„უნდა აღინიშნოს ის, რომ ვინც იგივე მიმდინარე ცხელი ომის წინა პერიოდის მოვლენებს აკვირდებოდა, პროფესიონალურად, ან უფრო დაწვრილებით, მაშინ დავინახავთ, რომ სწორედ დიპლომატიის კრიზისმა, დიპლომატიის უგულებელყოფამ, ან დიპლომატიის არაეფექტურად გამოყენებამ მიიყვანა მდგომარეობა ამ საშინელ სისხლისღვრამდე. ამასთან დაკავშირებით თვითონ დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებიც მოგვისმენია. მარტო გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადება რად ღირს, მინსკის პროცესი გამოიყენებოდა მხოლოდ დროის გასაწელად. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ დაბრუნდა დიპლომატია თავისი საუკეთესო მიზნებით, მათ შორის საქართველო-ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხში, ეს აზიანებს საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის ევროკავშირის მთავარი საბოლოო მიზანი, რომ არც სურთ რეალურად საქართველოს ხილვა ევროკავშირში, ახალი სახელმწიფოების მიღება, რომელიც შეიძლება ადაპტაციის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული და რაღაცნაირად ევროკავშირთან დაახლოებას იყენებდნენ ერთგვარ შანტაჟის იარაღად“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.