ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მთავარი ბრენდია, თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ, ეს კი ეხამუშებათ
სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს რაიმე პერსპექტივა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება. დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ეს ძალა საქართველოში პროვოკაციული ქმედებებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს არის პერსპექტივა, რაც მათ აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ პროვოკაციებით პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ.
„26 მაისის მიმართ ალიანსის დამოკიდებულება ნათლად მიგვანიშნებს მიზანზე. მათი ამოცანაა, 26 მაისს პროვოკაცია მოახდინონ. სააკაშვილმა-გვარამიამ-ბოკერიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაც იცოდა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც იგივე მოცემულობაში არიან დარჩენილი. ცდება, გარეთ ვისაც ჰგონია, რომ ამათი პროვოკაციებით თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ. ესენი პოლიტიკურ ველზე ვაივაგლახით იარსებებენ.
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ბრენდია. აქედან გამომდინარე, მათი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან. თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ. ეს ცოტა ეხამუშებათ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.