Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი ჯონსონის განცხადებაზე: ვხედავთ როგორ ხდება მანიპულირება გეოპოლიტიკური თემებით, როგორი არასერიოზული დამოკიდებულებაა სახელმწიფოს, ხალხის ბედის, ისეთი თემების მიმართ, როგორიც არის ნატო ან სხვა გეოპოლიტიკური კავშირები

„ვხედავთ, როგორ ხდება მანიპულირება გეოპოლიტიკური თემებით და როგორი არასერიოზული დამოკიდებულებაა სახელმწიფოს, ხალხის ბედის, ისეთი თემების მიმართ, როგორიც არის ნატო ან სხვა გეოპოლიტიკური კავშირები“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა, „საზოგადოებამ იხილა ბორის ჯონსონის განცხადება, რომლის თანახმადაც უკრაინას ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი არასდროს ჰქონია. არადა, გვახსოვს 2023 წლის განცხადება, თავად ბორის ჯონსონის, რომელიც ამბობდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ბორის ჯონსონის ორი წლის წინანდელი განცხადება და რატომ აკეთებს ის ახლა სრულიად საპირისპირო განცხადებებს?“

„ვფიქრობ, წინა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ „მიდით, ჩვენ აქ ვართ და ნატოს კარები არა თუ ღიაა, ფაქტობრივად იქ იმყოფებით“, ამის წახალისებას ეწეოდა. ახლა, როდესაც ომი ასეთი ტრაგიკული ხასიათისაა, განსაკუთრებით უკრაინისთვის, ამ შემთხვევაში ეს ერთგვარ გამამართლებელ არგუმენტად მოჰყავს, რომ რუსეთს ეს ომი არ უნდა დაეწყო ნატოში უკრაინის გაწევრიანების მიზეზითო იმიტომ, რომ საბაბიც კი არ არსებობდა ამის, „ჩვენ არასდროს ვფიქრობდით, ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინის ნატოში მიღებასო“. ანუ, აქ ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება მანიპულირება ასეთი გეოპოლიტიკური თემებით და როგორი არასერიოზული, რბილად რომ ვთქვათ, დამოკიდებულებაა სახელმწიფოს, ხალხის ბედის და ისეთი თემების მიმართ, როგორიც არის ნატო ან სხვა გეოპოლიტიკური კავშირები. ეს კიდევ ერთხელ აზიანებს სწორედ სანდოობას მთლიანად ევროატლანტიკური სივრცისას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მას ასევე უპასუხა კითხვას ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით, სადაც იყო გაცხადებულად პოზიცია, რომ ნატოს წევრი გახდებოდა როგორც უკრაინა, ასევე საქართველო.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამ ქვეყნების აქტუალიზაცია მომხდარიყო.

„ყოველ შემთხვევაში შემდგომი განვითარებული ფაქტობრივი მდგომარეობა სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს იყო ის ტრიგერი, რომელიც, აქეზებდა ამ ქვეყნებს, რომ „თქვენ იყავით თამამნი, ნატოს კარები ფაქტობრივად ღიაა“ და მეორე მხრივ, ეს იწვევდა რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების რისკის მნიშვნელოვან ზრდას. ამის პრევენციაზე ნატოში არავინ იფიქრა და საქართველო შეეჩეხა პირველად ამას 2008 წლის ომით. შემდეგ უკვე უკრაინაში, მათ შორის ამ „ფერადი რევოლუციების“ ერთ-ერთ ციკლს მოჰყვა ყირიმის დაკარგვა 2014 წელს და შემდგომ უკვე დონბასში განვითარებული მთელი ეს მოვლენები.

ამიტომ, ეს ყველაფერი, მოდით ვთქვათ ასე, გამოყენებული იყო რუსეთზე შეტევისთვის და ფაქტობრივი მდგომარეობით მივიღეთ ის, რომ რუსეთზე ამ შეტევის მთავარი დაზარალებული თავის დროზე საქართველო იყო და დღესაც გრძელდება ოკუპაციის პროცესი. მიმდინარე სიტუაციაში კი არის უკრაინა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო განცხადებები, იმედების ჩასახვა, რომლის დაზღვევა, პრევენცია და სათანადო დახმარება ნატოს მხრიდან არ ყოფილა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.