ირაკლი ქადაგიშვილი ღარიბაშვილის საქმეზე: დავარქვათ ერთგვარი რევოლუცია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რათა საქართველოში არა მარტო კორუფციასთან ბრძოლის საკითხები, არამედ ქვეყნის მართვა იყოს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურა.
„მძიმე არის ბრალდება, მძიმე არის ადამიანური კუთხით, პოლიტიკური კუთხითაც ძალიან მძიმეა, მაგრამ, ვფიქრობ, საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. მოდით, ამას დავარქვათ ერთგვარი რევოლუცია, რომელსაც სახელმწიფო და ხელისუფლება ახორციელებს, რათა საქართველოში არა მარტო კორუფციასთან ბრძოლის საკითხები, არამედ ზოგადად თვითონ ქვეყნის მართვა, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იყოს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილი”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.
17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
ღონისძიება სუსის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.