ირაკლი ქადაგიშვილი: ერთი არგუმენტი მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ თქვა, არჩევნები გაყალბდაო - მედია სივრცე თავისუფალი იყო, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალი იყო ფინანსების განკარგვაში პოლიტიკური მიზნებისთვის, უცხოური ჩარევა ხომ იყო და იყო

ერთი არგუმენტი მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ თქვა, საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ან უკანონობას ჰქონდა ადგილი და არ იყო სამართლიანი არჩევნები. ამას ვერ ამბობენ, ეუთო/ოდირის დასკვნაც სახეზე გვაქვს, მიუხედავად ამ დიდი პოლიტიკური წნეხისა, ამ ათასობით დამკვირვებელმა რაც თავისი თვალით ნახა, რაც ჩვენს კანონში წერია და რა ტექნოლოგიითაც ჩატარდა, ყველამ იცის, რომ წარმოუდგენელია გაყალბება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან ამ თემაზე ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ მიდგომასა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდების ანალიზისას ისაუბრა.
„ისიც ყველამ იცის, რომ საქართველოში, განსხვავებით ბევრი ქვეყნისგან, მედია სივრცე თავისუფალი იყო, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალი იყო თავისი ფინანსების განკარგვაში პოლიტიკური მიზნებისთვის და უცხოური ჩარევა ხომ იყო და იყო. თვითონ იყვნენ ამ საქმის ლიდერები. აქედან გამომდინარე, აქაც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. მათთვის სასურველი რეჟიმი ვერ მოიყვანეს და ახლა აღარ იციან, რა ქნან - შეეგუონ ამას, თუ არ შეეგუონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
„ვიზალიბერალიზაცია ამ შემთხვევაში არა რაიმე არგუმენტის გამო შეიძლება, შეგვიჩერდეს - ეს იქნება პირდაპირ პოლიტიკური შანტაჟის და პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებული. ამისთვის არ ჰყოფნით ჯერ საკმარისი არგუმენტები, სულ ამბობდნენ, რომ ეს ქართველ ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს მივეცით. დღეს ქალბატონი რასა ამბობს, რომ ეს იმ ქართველი ხალხის ბრალია, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარიო, უკვე გადავიდა მილიონ 200 ათასი ქართველის დამუნათებაზე. ალბათ, ექნებათ კიდევ ერთი მცდელობა, რომ დესტრუქცია შემოიტანონ, კიდევ შტურმი მოაწყონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.