ირაკლი ქადაგიშვილი: დედის გინება, ბულინგი არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია, მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით
„მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, საზოგადოებას ემუქრებოდა. საქართველოში ასეთი მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პოლარიზაცია სჭირდებოდათ, რათა საქართველოში მოეყვანათ ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთების შემსრულებელი იქნებოდა.
„ევროკავშირის წარმომადგენლობამ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ნათლად აჩვენებს, რას უჭერდა მხარს ევროკავშირის ბიუროკრატია საკუთარი წარმომადგენლის პირით. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება გვქონდა.
ევროკავშირი როცა ცდილობს, ის ღონისძიებები დააფინანსოს, იმ მინდორზე და იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც საზოგადოებას მონებს უწოდებს, უკაცრავად, მაგრამ დედის გინებით მიმართავს, რა თქმა უნდა, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ამ ღონისძიების დაფინანსებაზე როცა უარი მოუწიათ, მათი კომენტარი იყო, ამით გამოხატვის თავისუფლება ირღვევაო.
დედის გინება, ადამიანების შეურაცხყოფა, ბულინგი და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია და ნებისმიერი ნორმალური საზოგადოების შეურაცხყოფაა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.