ირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი ევრoბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი.
„სანამ ევროკავშირში კონსერვატორული ძალები უმრავლესობაში არ იქნებიან, ვერ ვხედავ რაიმე ტიპის ურთიერთობის გადატვირთვას ევროპასთან. ისინი მოწადინებულები არიან, რომ საქართველოში არეულობა იყოს. ახლანდელი გამოქვეყნებული ევროკომისიის მოთხოვნაც ამაზე მეტყველებს.
გვთხოვენ, გავიწვიოთ „ოჯახის ღირებულებების“ შესახებ კანონი, გავაუქმოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. რა შუაშია ეს ყველაფერი უვიზო მიმოსვლასთან, მე ვერ ვხვდები. ეს არის ის ნაბიჯი, რომ შეეცადონ, წინასაარჩევნოდ ბოლო ბერკეტი გამოიყენონ იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, მალე დაასრულონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოიყვანონ თავისი აგენტურული ხელისუფლება და მეორე დღესვე ქვეყანა რუსეთთან ომში ჩართონ.
მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, ჩვენ არ ვაპირებთ მშვიდობის საპირწონედ რაიმე დავაყენოთ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.