Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ

„მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავს იმართლებს, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი.

„არადა, საპირისპიროს ვხედავდით, მათი მიზანი იყო, ბევრნი ყოფილიყვნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ. ეს არის სახედაკარგული და ურეიტინგო ოპოზიციის მონაპოვარი. რასაც თესავენ, რა პოლიტიკასაც ატარებენ, იმის შედეგია, რაც ვნახეთ. ქართული ოპოზიცია, რადიკალები პოლიტიკური ველიდან წასული არიან, პულსიც არ ესინჯებათ, ხავსს არიან მოჭიდებულები.

ხალხნო, მთელი საზოგადოების მობილიზებას აკეთებდნენ და ვინ გამოიყვანეს, ნახეთ? მათ რეიტინგი არ აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და აქციაზე პარტიული აქტივი ჰყავდათ გამოყვანილი. რაც შეეხება სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის პრობლემა არიან, არამედ ქვეყნის და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. ვიდრე ეს ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციის სათავეში იქნებიან, მანამდე რეგრესისკენ იქნება მიმართული მათი ყველა ქმედება“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.