Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიცია თავის განცხადებებში თავადვე ემიჯნება ახალაიას - ერთი მხრივ ემიჯნებოდე, აშავებდე და მეორე მხრივ ამბობდე, რომ ის არის პოლიტპატიმარი, ეს მხოლოდ დღევანდელ სახე დაკარგულ ოპოზიციას შეუძლია

„ოპოზიცია თავის განცხადებებში თავადვე ემიჯნება ახალაიას. თავადვე იციან, რომ ახალაია საქართველოში, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, დისკრედიტირებულია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთის მხრივ „აშავებს“ ახალაიას და მეორე მხრივ „პოლიტპატიმარს“ უწოდებს.

„ერთი მხრივ ემიჯნებოდე, აშავებდე, რომ ის არ არის შენი თანაგუნდელი, დიდი ხანია, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არის ყველა სიბოროტის ფუძემდებელი, საქართველოში რაც იყო, და მეორე მხრივ ამბობდე, რომ ის არის „პოლიტპატიმარი“, მხოლოდ დღევანდელ სახედაკარგულ ოპოზიციას შეუძლია. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ დაკავებულ მოძალადეს, რომელსაც მათ „პოლიტპატიმარი“ არ უწოდეს.

რომ დააკავებ პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს, რაც არის ვიდეოკამერებით გადაღებული და მთელმა მსოფლიომ ნახა, მასაც პოლიტპატიმარს ეძახიან. რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ახალაიაზე რომ იტყვიან, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს და რომ ის პოლიტპატიმარია, ამის შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - განაცხადა დეპუტატმა.