ირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები.
„რასაც დღევანდელი ბრიუსელი აკეთებს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ რა რეზოლუციებიც მიიღეს ყველას გვახსოვს. მიღებულ რეზოლუციებს აღარც ვკითხულობთ და აღარც ვთვლით მათ რაოდენობას. ეუთომ ერთის მხრივ რა დასკვნაც დადო საპარლამენტო არჩევნების დროს, რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი რეზოლუციის შინაარსისგან. ეს არის ჩვენთვის ფარატინა ქაღალდი. ეს არის დღევანდელი ევრო ბიუროკრატიის მიდგომა საქართველოსთან მიმართებით.
ეუთომ უნდა დააფიქსიროს მისი მკაფიო პოზიცია აღნიშნულ რეზოლუციაზე. დუმილით სახეს ვერ შეინარჩუნებს. ის, რომ დღეს ეუთო დუმს და კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებს, მინიმუმ არა პარტნიორულია. ასეთი ორგანიზაცია როცა ხარ, საკუთარი პოზიცია აუცილებლად უნდა გქონდეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მათი დღევანდელი ქმედება არის განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობისა“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.