იაგო ხვიჩია: ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა
„ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში“ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, მოქალაქეობის მიღების მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს.
„მე გულწრფელობასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემები. ვფიქრობ, მართებულია რასაც ვლაპარაკობთ იმასთან დაკავშირებით, ანდაზა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. თუ ყველას ასე უნდა, რომ საქართველოში ქართველების რაოდენობა გაიზარდოს, ეკონომიკასაც იმიტომ ვზრდით, რომ საბოლოო ჯამში ეს შედეგი მივიღოთ, საქართველოში ქართველების გაზრდის, მოსახლეობის გაზრდის ძალიან მარტივი წესიც არსებობს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ებრძვის დიდი ხანია. გეტყვით რამდენიმე შემთხვევას.
თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ. ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ზოგი ევროპის ქვეყნის, ზოგი ამერიკის, ზოგი რუსეთის, ზოგი სხვა ვიღაცების და თქვენ არ ვიცი, იცით თუ არა, რამდენად არის გამარტივებული მათთვის მოქალაქეობის მიღება.
მე ბევრი ნაცნობი, მეგობარი მყავს, ვისაც შვილები ჰყავთ, უკვე სკოლას ამთავრებენ. ქართველები არიან, დედითაც ქართველები არიან ხშირ შემთხვევაში, მამითაც. ხშირად მხოლოდ მამით არიან ქართველები, მაგრამ ქართველები არიან, ქართული სახელი და გვარები აქვთ. მამა მოდის, ქართულად ლაპარაკობს, შვილი მოჰყავს, ეუბნება მიეცით ამას ან ორმაგი მოქალაქეობა, ან საქართველოს მოქალაქეობა და ფაქტობრივად, სუს-ი, სპეცსამსახურები, ვინ არ უნდა გადაამოწმოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ უარს იღებს ეს ხალხი. ამ მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს.
თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა. ქართველია, იცი, რომ ქართული წარმოშობა აქვს და შესაბამისად, რა კონტრარგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ ასეთ ადამიანებს მოქალაქეობა არ მისცე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.