Loading data...
გურამ მაჭარაშვილი – უსამშობლოების​ პრობლემა ის არის, რომ „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ

„უსამშობლოების პრობლემა ის არის, რომ თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ.

„2008 წლის ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები ხომ გადასცა და სააკაშვილი ყვავილებით, ჭიქა ღვინით ხელში ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა, სასტუმროებში ანაწილებდა, ხოშტარია, ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობის“ სხვა ამფსონები კი ამბობდნენ, რომ რუსეთიდან ჩამობრძანებულიყვნენ, ქვეყანაში ინვესტიციები ჩაედოთ და რაც უნდოდათ, გაეკეთებინათ. ეს 2008 წლის ომის შემდეგ ხდებოდა, თურმე „ფულს სუნი არ ჰქონდა“. ეს მათმა შს მინისტრმა თქვა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თურმე რუსეთი ცუდი შემდეგ გახდა, მანამდე კარგი ყოფილა. ანუ, ამ ხალხის ლოგიკით, მერე რა, არა უშავს, რუსეთმა საქართველო თუ დაბომბა, ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია თუ მოახდინა, მთავარია, რუსეთი უკრაინასთან მაშინ კარგად იყო. ამ ხალხის უსამშობლოობა პირდაპირი გაგებით აქაც ჩანს.

2022 წელს რუსეთში რა შეიცვალა? არაფერი, საქართველოსთვის რა ოკუპანტიც იყო, ის ოკუპანტი გახდა უკრაინისთვის. საქართველოს მოქალაქეობა რომ დათმეს და უკრაინის მიიღეს, ამ ხალხისთვის მთავარი ის ყოფილა, რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა. ამიტომ ვამბობ, რომ მათთვის მთავარი უცხო ქვეყანაა, საქართველო მეორეხარისხოვანია. ამ ყველაფერს თავად ამბობენ და აღიარებენ.

რატომ არ იყო ვითომ ასეთი ანტირუსული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ 2022 წლამდე? თურმე მაშინ უკრაინას არ უჭირდა და კარგად იყო. საქართველო არ აინტერესებთ და ეს არის უსამშობლოების დამოკიდებულება. პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითს“ ემორჩილება. რასაც ეუბნებიან, იმას გააკეთებენ. თუ ეტყვიან, ხვალ უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. უცხოური აგენტის ბედია, რომ, საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.