გურამ მაჭარაშვილი: ხუთ თვეში მოხდა 2003-2012 წლების ჯოჯოხეთური პროცესების დაჩქარებულად ნახვა საზოგადოების მხრიდან, კომისია 4 აგვისტომდე დაწერს დასკვნას, რომელიც იქნება ისტორიული

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ხუთ თვეში მოხდა 2003-2012 წლებში არსებული იმ ჯოჯოხეთური პროცესების დაჩქარებულად ნახვა ქართული საზოგადოების მხრიდან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერა, იმიტომ, რომ 800-ზე მეტი განცხადება იყო შემოსული და ისეთებიც ძალიან ბევრია, რომლებიც რეკავდნენ, უბრალოდ განცხადება არ შემოუტანიათ. სამწუხაროდ, მასშტაბები არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ნახა საზოგადოებამ, თუმცა, რაც ნახა საზოგადოებამ ამ ხუთი თვის განმავლობაში, არის საკმარისზე უფრო მეტი იმისათვის, რომ ვისაც არ ჰქონდა ნანახი, ან გაგონილი ეს უბედურებები, დაენახა და უკვე კითხვის ნიშნებიც აღარ ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი რეჟიმი, უბრალოდ, არ უნდა არსებობდეს არათუ ხელისუფლებაში, არამედ საერთოდ პოლიტიკაში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც ეს უბედურებები თავს გადახდათ, კომისიაზე ისეთი მყარი მტკიცებულებებით არიან მისული, რომ ვერავინ საპირისპიროს წინ ვერ უდებს.
„რაც მთავარია, ყველაზე მთავარი მტკიცებულება თვითონ ის ადამიანები არიან, ვისაც ეს ყველაფერი გადახდა და ასევე რაც მთავარია, ეს ყველაფერი დადასტურებულია ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების, სასამართლოების მიერ. ეს ყველაფერი, საშინელებათა პროცესი, რაც მოყვა ამ ხალხმა, არის დადასტურებული, რეალურია ეს. ეს არ არის რამე მონაგონი და ა.შ., როგორც უნდოდათ, გაესაღებინათ თავის დროზე. ისიც კი იკადრეს, ზღაპრებს ყვებიანო და ასე შემდეგ, ოღონდ, თავიდან, შემდგომ ვეღარ გაბედეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია 4 აგვისტომდე დაწერს იმ დასკვნას, რომელიც იქნება პირდაპირი გაგებით ისტორიული.
„ისტორიული იმიტომ, რომ საქართველოში სამწუხაროდ, ასეთი ანალიზი და შეფასება არცერთ პოლიტიკურ პროცესზე ჩვენ არ გაგვიკეთებია და ეს ცუდია. იმიტომ არის ცუდი, რომ სამომავლოდ, მომავალი თაობები, პოლიტიკოსები უკვე დახედავენ ამ დასკვნას და ამ დასკვნიდან გამომდინარე იმ შედეგს, რაც დარწმუნებული ვარ, იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამის გამო აღარ მოხდება ის უბედურებები, რაც მოხდა, თორემ ჩვენ რომ თავის დროზე მათ შორის, 90-იანი წლები შეგვეფასებინა, ის უბედურებები შეგვეფასებინა და ასე შემდგომ, შეიძლება, ნაკლებად მომხდარიყო რაღაცები, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უნდა ელოდოს საზოგადოება კომისიის დასკვნის შემდეგ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, სადაც უკვე დაიწყება სამართლებრივი პროცესი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
„ეს დასკვნა იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი, არ უნდა არსებობდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდება, ან გარდაიქმნება ისეთი ნორმალური პარტიები, რომლებსაც მოუნდებათ ქართულ პოლიტიკაში ჩართვა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ერთმანეთს აბულინგებს ეს ხალხი, დედა „ნაცმოძრაობა“ თავის დანარჩენ ფილიალებს, როგორ თუ შენ განსხვავებული პოზიცია გაქვს და რას ჰქვია მონაწილეობის მიღებას აპირებ არჩევნებშიო. წარმოიდგინეთ, რა მენტალობის ხალხია, თავისიანებსაც კი ებრძვიან და არ ინდობენ, როგორ გაქვს შენ განსხვავებული პოზიციაო“, აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შანსი რჩება ოპოზიციას, რომ გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს შანსი აქვს ერთადერთი, დაიხუროს ქუდი და წავიდეს სახლში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ამ დასკვნის შემდგომ და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ვინმეს არ აღმოაჩნდება ინდივიდუალურად რამე დანაშაულების ნიშნები, რაც უკვე სხვა უწყების საკითხია.