Loading data...
გურამ მაჭარაშვილი - ევროპულ ღირებულებას თუ რამე აზიანებს, ეს სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატია, მისი განცხადებები და ქმედებებია

„ევროპულ ღირებულებას თუ რამე აზიანებს, ეს სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიაა, მისი განცხადებები და ქმედებები. ამას ოთხი წელია, ვამბობთ. ამას უკვე ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები კონფერენციებზე როდესაც ჩადიან, პირდაპირ ეუბნებიან ევროკავშირის წარმომადგენლებს და ბიუროკრატიას, რომ მათი პრობლემა სწორედ ევრობიუროკრატიაშია.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი, დაწყებული უნგრეთიდან და გაგრძელებული ჩეხეთით, პოლონეთი და ა.შ. ევრობიუროკრატიას ეწინააღმდეგებიან. საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის ბევრი არასამართლიანი რეზოლუცია იყო მიღებული. დაწყებული იმით, რომ თურმე საქართველოში ევროპული ღირებულება უნდა იყოს დაკანონებული ლგბტ პროპაგანდის სახით, თურმე საქართველოში ეკლესიის საწინააღმდეგო აქტები უნდა მივიღოთ და ესეც ევროპული ღირებულებაა და სწორედ ეს არის პრობლემა. ჩვენ კარგად ვიცით, რაც არის ევროპული ღირებულება. ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი არ აქვს იმ რეზოლუციებს, რაც ბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ის ევროპა აღარ არის, რაც იყო. შესაბამისად, ის წარმომადგენლობა, რაც ევროკავშირს საქართველოში ჰყავს, ელჩის სახით, მისი განცხადებებია დამაზიანებელი.

გავიხსენოთ მისი ბოლო განცხადება. როგორც მეფისნაცვალი ეგზარქოსი აკეთებდა ხოლმე განცხადებებს, დაახლოებით ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში. არ მოსწონს ქართველს, რომ აქ ზის ევროკავშირის წარმომადგენელი და ნაცვლად იმისა, ურთიერთობაზე, მეგობრობაზე და დემოკრატიაზე საუბრობდეს, საუბრობს იმაზე, რომ კაცების ქორწინების დაკანონებას თუ არ მოახდენთ, საქართველო ბნელ წარსულში დაბრუნდებაო. ეს ხომ რეზოლუციაში წერია და ჩვენი მოგონილი არ არის. მათივე, ევროპის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კრიმინალად აღიარებულ სააკაშვილს თუ არ გამოვუშვებთ, თურმე ევროკავშირში არ მოგვიღებდნენ და ა.შ. ზუსტად ეს აზიანებს იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ქართულმა საზოგადოებამაც კარგად იცის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართა.