Loading data...
გორდულაძე: თუ ადამიანი საჯარო დაწესებულებაში სამ ადგილას მუშაობს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს - ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში საჯარო სამსახურის კანონის შესახებ საუბრობს და მის მნიშვნელობას განმარტავს.

არჩილ გორდულაძის თქმით, შეზღუდვა არ ეხება პედაგოგიურ საქმიანობას.

„ვხედავთ, რომ თითიდან გამოწოვილ ტყუილებს აჟღერებენ ხოლმე. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, გვინდა თუ არა, რომ ჩვენს საჯარო დაწესებულებაში ერთი და იგივე პირი სამ ადგილას „მუშაობდეს“. მაგრამ, კი არ მუშაობდეს, უბრალოდ გაფორმებული იყოს და მხოლოდ და მხოლოდ ხელფასს იღებდეს.

ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნეთაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს. თუ მაგალითად, კონკრეტული ადამიანი სამ სამსახურში მუშაობს, იმიტომ რომ მას არ ყოფნის შესაბამისი ხელფასი, სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს.

შესაბამისად, ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები. მაგრამ, ამავდროულად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად იმაზე, რომ გვაქვს თუ არა გამონაკლისები, დიახ, გვაქვს გამონაკლისები.

პირდაპირ, კანონშივე წერია, არავითარი გამონაკლისი ამას არ სჭირდება, არავითარი მთავრობის დადგენილებაში ჩახედვა არ სჭირდება, პირდაპირ წერია კანონში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მეცამეტე მუხლში, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ თანხმობა დაწესებულების ხელმძღვანელებისგან“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.