გორდულაძე „ლელოს“ ლიდერებზე: უპრეცედენტო ინვესტიციებს აკრიტიკებს ის ხალხი, რომელმაც თვითონ ვერ შეძლო პორტის აშენება, შემდეგ კი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა სასამართლო წააგო, სადაც კი სარჩელი შეიტანა
        პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა, სადაც მან არაბული ინვესტიცია გააკრიტიკა.
გორდულაძის თქმით, უპრეცედენტო ინვესტიციებს აკრიტიკებს ის ხალხი, რომლებმაც თვითონ ვერ შეძლეს პორტის აშენება, შემდეგ კი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა სასამართლო წააგეს, სადაც სარჩელი შეიტანეს.
როგორც გორდულაძემ განმარტა, „ლელოს“ ლიდერების კრიტიკა დეჟავიუს იწვევს, რადგან ყველა ინვესტიციასთან დაკავშირებით იდენტური დამოკიდებულება და განცხადებები ახასიათებთ.
„თუ სწორად მახსოვს, ეს ადამიანი [ირაკლი კუპრაძე] „ლელოს“ წარმოადგენს, ასევე თუ სწორად მახსოვს, "ლელოში" დამფუძნებლები არიან ჯაფარიძე და ხაზარაძე. შემთხვევით, ესენი ის პირები ხომ არ არიან, მილიარდ-ნახევრის ამოღებას რომ ფიქრობდნენ ქართველი მოსახლეობის ჯიბეებიდან და საკუთარ ჯიბეში ჩადებას? დიახ, ესენი არიან. მათ მსოფლიოში არ დატოვეს არცერთი სასამართლო, რომელიც არ წაუგიათ - საქართველოთი დაწყებული და საერთაშორისო არბიტრაჟებით დასრულებული.
მათ შორის, თანხის გადახდაც მოუწიათ სახელმწიფო ბიუჯეტში. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჯერ პორტი არ და ვერ ააშენეს, ბოლოს იქამდე იყვნენ მისულები, რომ ყაზახი ინვესტორები უნდა შემოვიყვანოთო, ის ყაზახი ინვესტორები, რომლებიც რუსეთში ფლობენ აეროპორტს და მათ ჩადებული ინვესტიცია თურმე საქართველოსთვის კეთილსაიმედოა და ჩვენი მომავლისთვის არის აუცილებელი, მაგრამ არაბი ინვესტორები თუ ჩადებენ, ეს პრობლემას წარმოადგენს.
ბევრ ჩვენგანს შეიძლება დეჟავუც კი გვაქვს, რადგან შეგვიძლია არქივს გადავხედოთ და შევხედოთ იგივე განცხადებებს, რომლები კეთდებოდა მაგალითად "ჰუალინგთან" დაკავშირებით. წავიდეთ ახლა ვარკეთილში და ვნახოთ სადმე "ჩაინათაუნი" გვაქვს თუ არა. რა თქმა უნდა, არა. სადაც ჩინური ინვესტიცია ჩაიდო და აშენდა სახლები, იმ სახლებში საქართველოს უამრავი მოქალაქე ცხოვრობს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ცხოვრობენ.
რაც შეეხება ამ ინვესტიციას, ძალიან სისტემური და სიმპტომატურია, რომ ზუსტადაც ამ ინვესტიციას ურტყამენ პირველ რიგში და, რატომ ურტყამენ? იმიტომ, რომ პრეცედენტი არ აქვს ასეთი ტიპის ინვესტიციას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, 6.5 მილიარდზეა საუბარი. როგორ შეიძლება, ინვესტიციის საწინააღმდეგოდ ვინმემ რამე თქვას, რადგან ეს ჩადებული ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს შექმნილ სამუშაო ადგილებს და, ამავდროულად, გათვალისწინებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა დასაქმდნენ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.