Loading data...
გივი მიქანაძე: ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ, გამოვლინდა, რომ მათგან 19 ორგანიზაცია ანუ 39 პროცენტი, პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან

დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ 25 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი - ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე, თუმცა მოქმედებს მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოვლინდა, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გავლილი 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან, 19 ორგანიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან, ხოლო 7 მათგანი არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად, ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან.

„27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39 პროცენტი, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, გამოვლინდა, რომ არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიც არის: ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტი თავისუფლება და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია. ხოლო 7 მათგანი, ანუ 14%, არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მან ასევე განმარტა, პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგია.

„პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად, კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით“, - განაცხადა მიქანაძემ.