ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ ბჟანია გადააყენა, ბჟანია კი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თანამდებობას უკვე ჩამოაშორეს და ამ საკითხის ოფიციალურად გასაფორმებლად პარლამენტის ჩართვას გეგმავენ. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან მიქაიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მიქაიას თქმით, ბჟანია გაიქცა, შესაბამისად ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან მისი გადაყენების იურიდიული გაფორმება უნდა მოხდეს.
თავად ასლან ბჟანია კი აცხადებს, რომ ის გადადგომას არ აპირებს. ბჟანიამ მოუწოდა საკუთარ მომხრეებს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. ასლან ბჟანია ამჟამად ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში იმყოფება, საიდანაც ის წარმოშობითაა.
ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დე ფაქტო ხელისუფლებასთან ყოველგვარ მოლაპარაკებას წყვეტენ. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კან კვარჩიმ განაცხადა.
ცნობისთვის, სოხუმში 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთთან „საინვესტიციო შეთანხმების“ კანონპროექტის განხილვას პროტესტი მოჰყვა. ფაქტობრივად ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს. ამ შენობაში დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას რეზიდენციაც მდებარეობს.
აქციის მონაწილეები ამჟამად ამ შენობაში რჩებიან და ამბობენ, რომ „არსად წასვლას არ აპირებენ“.