Loading data...
გივი მიქანაძე: სწორედ ბატონი პრემიერის მხარდაჭერით და დამსახურებით, უკვე მესამე წელიწადია ზედიზედ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე ბიუჯეტი, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტების შემდეგ

„სწორედ ბატონი პრემიერის მხარდაჭერით და დამსახურებით, უკვე მესამე წელიწადია ზედიზედ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე ბიუჯეტი, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტების შემდეგ“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის ბიუჯეტი განათლების სამინისტროსი არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე წინა წლების.

„ვისმენთ სრულიად აბსურდულ ბრალდებებს. ძალიან კარგად იცით, რომ ინფრასტრუქტურის სააგენტო პირველი სექტემბრიდან გაუქმდა და შესაბამისად, ბატონმა პრემიერმაც ახსენა ამის თაობაზე, რომ მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანხები გადანაწილდა ორ სამინისტროში. ძირითადი ნაწილი, თითქმის 500 მილიონამდე გადანაწილდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და რამდენიმე ათეული მილიონი გადანაწილდა რეგიონულ სამინისტროში.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის ბიუჯეტი განათლების სამინისტროსი არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე წინა წლების და ეს არის მთავრობის მხარდაჭერაო? თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ თქვენს წრეებში და ნახავთ, მათ შორის, შესაძლოა რომელიმე ამ განცხადების ავტორი აქაც იმყოფებოდეს. ამიტომ, ესეც არის ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ეწევიან მიზანმიმართულად მაშინ, როდესაც აგერ გიფიქსირებთ, რომ სამი მილიარდ 300 მილიონი არის ნაერთი ბიუჯეტი სხვადასხვა სამინისტროსგან აღებული თანხები, რაც ცალსახად ამბობს იმას, რომ ეს არის ორიენტირებული განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის მხარდაჭერაზე.

ყოველთვის არის სწრაფვა იმისკენ, რომ რა თქმა უნდა, ბიუჯეტი კიდევ უნდა გაიზარდოს. თუ თქვენ შეადარებთ გასული წლების მოცემულობას, თუ გნებავთ სკოლებთან დაკავშირებულ საკითხს, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად და მინდა გითხრათ, რომ პროცესები მიმდინარეა. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. 200-ზე მეტი სკოლა სრულიად ახალი აშენდა და რეაბილიტირდა. მარტო ამ სასწავლო წლის დასაწყისისთვის, 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 60-მდე სრულიად ახალი სკოლა, ინფრასტრუქტურა გავხსენით. უახლესი კვირების განმავლობაში 20-მდე სკოლა მთავრდება და მოსწავლეებს, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა შევიდნენ განახლებულ ინფრასტრუქტურაში. ასზე მეტი ობიექტი მიმდინარეა. ის თანხა, რომელიც გამოყოფილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გაზაფხულის პერიოდიდან დაიწყება შესაბამისი ტენდერები და ჩვენ უახლესი წლების განმავლობაში მთელ ინფრასტრუქტურას და ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას, ჩვენ ამას გადავლახავთ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.