გიორგი ზურაბაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დანგ ჰოანგ გიანგს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დანგ ჰოანგ გიანგთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ხაზი გაესვა მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების აუცილებლობას და განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. საუბარი ასევე შეეხო, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ.