Loading data...
გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე: ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მქონდა მოლოდინი, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომელთა დასანქცირებასაც აპირებენ

„ჩვენ საქართველოსა და რუსეთს შორის გვაქვს ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულები გრძელდება“, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი სირთულეები არის განპირობებული იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და დეოკუპაცია.

„მოგეხსენებათ, 20% საქართველოსი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემების გამო და ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, ამაზე მსჯელობა, შეხვედრები, რომ ვიპოვოთ საერთო გზები, თუ როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

გიორგი ზურაბაშვილმა, ასევე, ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ და მე კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან სამი რამ, რაც იყო ხარისხთან მიმართებით. მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე იყო - ისინი არიან დაკავებულები ანტირუსული ნარატივით. რაც შეეხება ხარისხს, მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ გააჩნიათ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი. რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ეს იყო დაფინანსება, უკრაინის დაფინანსება და ანტირუსული ნარატივი, ეს არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი არ ხდება. მაგრამ სანაცვლოდ იმისა, სადაც მე მქონდა მოლოდინი, რომ იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლებსაც აპირებენ, რომ დაასანქცირონ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ ხდება, მანდ ვერც ერთი ფაქტი ვერ დამიდო, ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის ან დაფინანსება, ან რუსეთის ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი“, - აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა.