Loading data...
გიორგი ვოლსკი: სამწუხარო მაგალითების საფუძველზე, ნებისმიერი პარტიის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის გარედან დაფინანსება უნდა იქნეს განხილული, როგორც რესურსი, იმოქმედონ ისე, რასაც უკარნახებენ

„იმ მაგალითების საფუძველზე, რაც უკვე არაერთი ვიხილეთ, ქვეყნის გარედან დაფინანსება ნებისმიერი პარტიის ან გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ცალკეული პიროვნებისაც კი, უნდა იქნეს განხილული როგორც რესურსი, მექანიზმი, რათა ფულისთვის, თუ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის იმოქმედონ ისე, როგორც უკარნახებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

ვენეციის კომისიის დასკვნა ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონს, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონმდებლობას.

ვოლსკის თქმით, ბევრი სამწუხარო მაგალითი ვიხილეთ, როცა ქვეყნის გარედან დაფინანსება გამოყენებული იყო პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად.

„აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის ოპტიმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი გრანტი, ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი აქტივობისა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება მობილიზებული. ასეთი რამ არ ხდება და დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ ამას უკვე არც არავინ არ მალავს. ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი ადამიანის, თუ ადამიანთა ჯგუფის დაფინანსება, უნდა იყოს განხილული, როგორც მოსყიდვა კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.