გიორგი ვოლსკი: კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ აქვს, რადგან, ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი
„ყველა ადამიანს შეუძლია, გადაშალოს და ნახოს, რომ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონი არ შეცვლილა 1995 წლიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„იყო მცირედი ცვლილებები, მაგრამ რამდენიმე ფუნდამენტური პოსტულატი დარჩა მყარად, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიის არსს, რომ არ შეიძლება, პოლიტიკური პარტია არსებობდეს, რომელიც მოუწოდებს და კონკრეტულ ქმედებებს ჩადის იმისათვის, რომ კონსტიტუციური წესწყობილება ძალით შეცვალოს და პროცესი განავითაროს ისეთი, რომელიც გამოიწვევს დაპირისპირებას, ნგრევას, დაკარგავს ტერიტორიებს და მთელი ჩამონათვალია, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, მმართველი გუნდის სარჩელი განიხილოს, მტკიცებულებების რაოდენობასთან დაკავშირებით კი კითხვებიც არ უნდა დაისვას, იმდენი მტკიცებულება და ფაქტობრივი მასალაა, რაც 2012 წლამდე ხდებოდა.
„2012 წლის შემდგომ რაღაც მცირე პერიოდი იყო შესვენება, თორემ იქიდან მოყოლებული და 2016 წლის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა მცდელობა დამხობის, რევოლუციის მოწყობის, იყო არაერთი ფიზიკური დაპირისპირება და არაერთი, ასე ვთქვათ, ტერორისტული აქტი. სამართლებრივ ფორმულირებას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც იყენებ მომაკვდინებელ რესურსს, როგორიც არის პიროტექნიკა და დამიზნებით ესვრი ადამიანს, ან ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, წვავ ადამიანს და შენობებს, შეჯახებების ინსპირირებას ახდენ და ასე შემდეგ, რასაკვირველია, ეს შეიძლება, ჩაითვალოს ყველა პუნქტის დარღვევად, რომელიც არის ამ კანონში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვლება პოლიტიკურ ველზე ამ სამი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს დე ფაქტო არა, მაგრამ დე იურე არსებობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა არცერთი ნიშანი არ აქვს პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური სუბიექტის, რადგან, ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გახარიას პარტიასთან დაკავშირებით სხვა მოცემულობაა.
„გახარიასთან დაკავშირებით განცხადებები გავაკეთეთ და იცით ჩვენი დამოკიდებულება, იქ ჩორჩანის საკითხი იქნება თუ გადადგომის საკითხი და ამ არეულობის ხელშეწყობა, ეს ეხება ერთ პიროვნებას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, თუნდაც, შს მინისტრის პოზიციიდან ჩადენილ ქმედებებს. მთელ პარტიას არ ჩაუდენია ის, რისი აკრძალვაც წერია იმ კანონში, რომელიც ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოქმედებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა ასაკრძალი პარტიების სიაში „ლელო“, გახარიას პარტიის მსგავსად „ლელოს“ წარმომადგენლებსაც რომ არ ჩაეხსნათ სიები, საპარლამენტო მანდატებზე თავის დროზე უარი არ ეთქვათ და პარლამენტში შესულიყვნენ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ იმუნიტეტს განსაზღვრავს კანონი.
„იმ პროცესებში როდესაც ხარ ჩართული, რასაც ჰქვია საქართველოს მდგომარეობის უარესობისკენ შეცვლა, მით უმეტეს, ნგრევის პროცესის განვითარება, რასაკვირველია, პასუხი უნდა აგო შესაბამისად, იმ კანონის მიხედვით, რომელიც მიღებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“, როგორც ასეთი, არ არსებობდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.