Loading data...
გიორგი ვოლსკი ღარიბაშვილზე: ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი, მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერ

„ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი. მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, გარე ძალები ვერ ახერხებენ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას, ამიტომ იყენებენ ყველა ხერხს, რათა რომელიმე სპეკულაციური საკითხი აქციონ რევოლუციის მიზეზად.

„არის კონკრეტული მიზანი, რომ საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ განაპირობოს ისეთი პროცესების განვითარება, რასაც რევოლუცია ჰქვია, ეს სიტყვაც უკვე მოსაბეზრებელი გახდა, მაგრამ დესტაბილიზაციის ის პროცესი, რომელიც შეცვლის აქ ვითარებას და ახალი ხალხი: ანა წითლიძე, ბოკუჩავა, გვარამია, სააკაშვილი და სხვები მოვლენ ხელისუფლებაში, რათა გლობალურ დაპირისპირებაში საქართველომ თავისი როლი შეასრულოს. ეს როლი არის „საზარბაზნე ხორცის“ როლი.

არსებობს ადამიანთა ერთი ჯგუფი - პოლიტიკური სექტა, რომელიც ცდილობს, რომ ამ გზით წაიყვანოს საქართველო და არსებობს ადამიანების მეორე ჯგუფი, რომელიც საპირისპირო აზრის არის. მთელს საზოგადოებას ესმის, რომ არანაირი სარწმუნო არ არის, როცა ადამიანი ამბობს, რომ ისეთი საიდუმლო დოკუმენტი ნახა, საიდანაც არც გადაბეჭდვა შეიძლება, არც გახსნა შეიძლება, საერთოდ არავის ხელი არ მიუწვდება, მის გარდა და იქ წერია, რომ ჩამოსული იყო აზერბაიჯანელი საგარეო საქმეთა მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი და ხელი მოეწერა რაღაც საშინელებას. ამ დროს ეს არათუ სარწმუნო არ არის, არამედ ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში ამ ოჯახის ტრაგედიის შემოტანა ამ პოლიტიკურ დაჯახებებში არის უზნეობა. ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები ხდება ინსპირაციის საგანი.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრო, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, რასაკვირველია, საერთო კალათაში მოხვდა და საერთო კალათაში იკრიბება რესურსები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, თავად ირაკლი ღარიბაშვილმაც ძალიან კარგად იცის, რა მოხდა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე და რომ ეს იყო თვითმკვლელობა.