გიორგი ვოლსკი გერმანიის არჩევნებზე: ჩვენ საქართველო გვტკივა, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს, ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს
„ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ ხედავს მოვლენების განვითარებას და საქართველოსთან გერმანიის ურთიერთობას გერმანიის არჩევნების შემდეგ.
„საქართველოსთან ურთიერთობაზე ჯერჯერობით ადრეა საუბარი, რადგან არ ვიცით ბოლოს [არჩევნები] რა შედეგით დამთავრდება. თანამედროვე მსოფლიოში შეიცვალა სტანდარტი - ურთიერთობების, შეფასებების. სამართლებრივიდან გადავიდა კონიუნქტურულ ინტერესებში. მინდა შევახსენო საზოგადოებას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს - მთელი ეს დაპირისპირება, რაც საქართველოში მოხდა და ხდება - „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლა, თუნდაც ახალგაზრდების გარყვნა, უწმაწური გამოსვლების სცენარი იმიტომ ხდება, რომ ურჩევნიათ, იყოს ხელმძღვანელი სხვა და არა - „ქართული ოცნება“, რომელიც არ თანხმდება ომში შესვლაზე. გეუბნებიან, უნდა წახვიდე იმიტომ, რომ თბილისი არის ჩელიაბინსკი. გაგიჟდა საზოგადოების ერთი ნაწილი, რომ სხვაც ისტერიკაში ჩააგდოს ამ თემასთან მიმართებით.
იგივე ხდება გერმანიაშიც. შეფასება მიდის, რომ ეს არის ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფი და ხალხი კი ფიქრობს, რომ იქნებ ეს პარტია აკრძალონ სამართლებრივად და ამის შემდეგ ახალი არჩევნები დაინიშნოს. იგივე მოხდა რუმინეთშიც. გაიმარჯვა ისეთმა, ვინც არ აწყობდათ. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ძალიან მკვახე განცხადებები გააკეთა, მაგრამ დარჩა ისე, როგორც არის. იგივე პროცესი მიდის საფრანგეთში. ლეპენის პარტია უნდოდათ აეკრძალათ, ლეპენი დაიჭირეს, მერე აღმოჩნდა, რომ უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.