გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა
„ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა საკმაოდ საინტერესო პოლემიკა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევროკომისიის ანგარიშს.
გიორგი ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ელჩი ვერ ასახელებს ერთ სახელსა და გვარსაც კი, რომლის მიმართაც უსამართლობაა ჩადენილი.
„ამ უშველებელი მოხსენების ყველა პასაჟი ძალიან პროფესიონალურად არის ჩამოყალიბებული, თითქოსდა რაღაც ტრაგიკული ხდება, თუმცა, ვერავინ ვერ მოიძებნა, ვერც ელჩი და ვერც რომელიმე ოფიციალური პირი, რომელიც კონკრეტულ სახელსა და გვარს წარმოადგენს თუ რაიმე საქმეს, რომელიც ამტკიცებს, რომ უსამართლობაა ჩადენილი. ჩვეულებრივმა შეკითხვამ დააბნია პრაქტიკულად ელჩი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე კონკრეტული ეთქვა, მან ვერ გასცა ამ შეკითხვას პასუხი.
მიზანი არის ის, რომ საქართველო ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილო იქნება ხელისუფლებით და ამას მოჰყვება ის რევოლუცია, რომელიც ბოლო პერიოდში ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაიგეგმა და დაფინანსებული იქნა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.