გიორგი ვოლსკი: ეუთო/ოდირის მისია გაასწორეს მიწასთან იმის გამო, რომ მან დადო პოზიტიური დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ წელს მათი უარი სწორედ ამ პოლიტიკურმა შეტევამ გამოიწვია

„ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია არის ზედმიწევნით იმ სტანდარტის, რაც საერთაშორისო დემოკრატიას ახასიათებს. ჩვენ დავამტკიცეთ ეს 2024 წლის ოქტომბერში და ეუთო/ოდირის მისია გალანძღეს და გაასწორეს მიწასთან იმის გამო, რომ მან დადო პოზიტიური დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული გარემოებით იხსნება ის, რომ ეუთო/ოდირმა ამჯერად უარი თქვა საქართველოში არჩევნების დაკვირვებაზე.
„გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ წელს მათი მხრიდან უარის თქმა არის გამოწვეული სწორედ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, რომელიც მათ განიცადეს 2024 წლის არჩევნების პოზიტიურად შეფასებისთვის. მისიის შეკრება მოიტანდა ისეთ შედეგს, რომელიც არ აწყობს იმ სტრუქტურებს და ძალებს, რომლებიც საქართველოს ასე გააფთრებით ებრძვიან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირი „ქრონიკის“ კითხვის შემდეგ ადასტურებს, რომ არჩევნების შეფასების მისიებს გზავნის კენჭისყრის დღემდე ორი-სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე ერთი თვით ადრე უარი განაცხადა.