Loading data...
გიორგი ვოლსკი: ეკონომიკური ზრდის ანალიზი არა მარტო იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა

რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოიწვია არსებული პოლიტიკური მმართველობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ 2026 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„საფრანგეთში, გერმანიაში, სხვადასხვა ქვეყანაში რომ დავაკვირდეთ კარგად, სად ვართ ჩვენ – ეს მაჩვენებლები განპირობებულია იმით, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მყარად დავდექით ჩვენს პოზიციაზე. იმიტომ უნდათ ჩვენთან ინვესტიციის განხორციელება, იმიტომ არის მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები, თუნდაც მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო უკეთესი, ვიდრე ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე. ასე რომ, ეს ანალიზი ეკონომიკური ზრდის საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. არა მხოლოდ იმაზე, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, სოციალური პაკეტი და ასე შემდეგ ამ ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა. ეს არ გამოიხატება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ციფრებში. ამის გამომწვევი მიზეზებია, რასაც შალვა პაპუაშვილი აბსოლუტურად სწორად აფასებს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკა იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას გააჩნია“, – აღნიშნავს ვოლსკი.