გიორგი ვოლსკი: ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება, ასეთი გეგმა არსებობდა
ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება. ასეთი გეგმა არსებობდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, ევროკავშირში არსებობს ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც გარკვეულ საკითხებსა და თემებზე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
„ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და საერთოდ, რევოლუციური პროცესის განვითარება. ასეთი გეგმა არსებობდა. მე ვერ გეტყვით, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის წევრია, საქმის კურსშია, ვინ არის, მაგალითად, „კორძი“, ან რატომ ცეკვავს მათი წარმომადგენელი ისე, რომ ქვეყნების წარმომადგენლებს არ უთანხმებს.
ეს მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირში, ბრიუსელში არსებობს გარკვეული ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც გარკვეულ თემებსა და საკითხებს თავად წყვეტს. შეიძლება იქ არის კარნახი, რომ დაპირისპირებაში ეს ცივსისხლიანი პრაგმატიზმი იყოს გამოყენებული, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. ეს რეალობა არსებობს და ამ რეალობის შესაქმნელად გარკვეული უშველებელი თანხები უკვე დაიხარჯა.
ქართველი საზოგადოება გაცილებით უფრო მოქნილია გარკვეული ინფორმაციის დამუშავების თვალსაზრისით და ერიც მნიშვნელოვნად ინტელექტუალურია. ხალხი ხედავს, რომ ეს პოლიტიკური პარტიები გარდაიქმნა რაღაც პარტიზანულ დაჯგუფებად. ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ამ რეიტინგის მნიშვნელოვნად შემცირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, IRI-ის მონაცემები სხვა იქნებოდა.
აუცილებელი არ არის, რომ ერს დიდი სიმპათია ჰქონდეს პერსონალიების მიმართ, ან წარსულს აფასებდეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რა სადისტური მმართველობაც იყო. ბევრმა საერთოდ არ იცის და არანაირი ემოციური ბმა არ აქვს არც ომთან და არც იმ სადიზმთან, რომელიც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. მაგრამ რეალურად ხედავენ, დღეს რა სიტუაციაა.
აქედან გამომდინარეობს ყველა მეთოდი, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს დაუბრმაონ თვალები და გარკვეული სექტა გააძლიერონ, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ საქართველო თურმე რაღაც რუსული პოლიტიკის ორბიტაზე გადავიდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.