Loading data...
გიორგი ვოლსკი: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები, ბოლო პერიოდის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა ვიხილეთ

არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რომელიც ეფუძნება რაღაც მიზეზს, რომ თურმე პროევროპული კურსი შეიცვალა სახელმწიფომ, რისი ნიშნებიც არ არის, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. რაღა უნდა გააკეთოს ადამიანთან ჯგუფმა, თუ პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი და აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს დაიწყებს.

როგორც გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, საუბარია იმ დაჯგუფებებზე, რომლებიც გარე დავალებებს ასრულებენ და გარე დაფინანსებებით მოქმედებენ საქართველოში და ცდილობენ დესტაბილიზაციის მოწყობას.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ერთმანეთს დააკავშიროს სარჩელის განხილვა და კაია კალასის განცხადება, რომ საქართველოს საკითხის სიღრმისეული განხილვა იანვარში გაიმართება, ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, ერთმანეთთან დაკავშირებული არის ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რომლებიც რადიკალებს საქართველოში აქვთ და გარე ძალების სურვილები და მიზნები.

„ეს პირდაპირ არის გადაბმული იმ იდეოლოგიასთან, იმ სტრატეგიასთან, იმ ამოცანასთან, რომელიც გააჩნიათ კონკრეტულ შემკვეთებს, რაშიც უზარმაზარი ფული იხარჯება. დღეს რაც გვესმის - ვენეციის კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, ბრიუსელის განცხადებებია, კაია კალასი იმუქრება და მუშტებს აბრახუნებს, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა დაატეხოს თავს რისხვა, ამის გარდა, რაიმე შინაარსობრივად გამაგრებული, არგუმენტირებული პოზიცია, თუ გაგვიგია ვინმეს, გვითხრას.

გვეუბნებიან, უნდა დაიღვაროს სისხლი, სისხლის ღვრის მერე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და ამ მოსულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მარიონეტის როლი განცხადებული ამოცანის შესასრულებლად, რომ ჩაერთოს გლობალურ დაპირისპირებაში. სხვა არაფერი არგუმენტი არ არის. დაინგრეს ეს ქვეყანა და როდესაც დაიწყება ჯერ მოუკლავი დათვის ტყავის გადანაწილება, უნდა იქ იყოს საქართველოც და ვიღაც პიროვნებები, რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.