გიორგი სოსიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის მორიგი მუქარა, ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ, ანგარიში გაჯერებულია სიყალბეებით
ეს არის მორიგი მუქარა. ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ. ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას, რომელიც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხება.
კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეიძლება მიმართული იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებზე, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. მეორე ეტაპზე შეჩერება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის საკითხებზე არ მოახდენს რეაგირებას“.
როგორც გიორგი სოსიაშვილმა აღნიშნა, მუქარის მთავარი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გამჭვირვალობისა და ოჯახური ტრადიციების კანონების მიღებაა.
„რისთვის გვემუქრებიან, რა არის მათი მუქარის მთავარი მიზეზი? - გამჭვირვალობის გამო. ევროპის ისტორიაში მსგავსი მომენტი მე არ მახსენდება, რომ ქვეყანას დაემუქრო გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, ანუ გამჭვირვალედ საზოგადოებრივი ცხოვრების გამო და დაემუქრო ოჯახური ტრადიციების კანონის მიღების გამო.
ეს არის მორიგი ჟანგბადი თავიანთი აგენტურისთვის - ხედავენ, რომ პულსი აღარ ესინჯება. თუმცა, რა აზრი აქვს ამ მუქარას?! სამწუხარო ის არის, რომ მათ თავიანთი სახე დაკარგეს და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ევროპული ავტორიტეტი მთლიანად ჩამოშალეს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.