გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის გამჭვირვალობა დემოკრატიის დასამარებაა, ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის კი მისაღებია გამჭვირვალობაზე თანამშრომლობა - ამ ორმაგ სტანდარტებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
დეპუტატი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
„ჩვენთვის გამჭვირვალობა, FARA-ს კანონის შემოღება არის დემოკრატიის დასამარება და ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის მისაღებია გამჭვირვალობაზე თანამშრომლობა. აი, ამ ორმაგ სტანდარტზე გვქონდა ზუსტად საუბარი, რომ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, სუვერენულ სახელმწიფოს, სრული უფლება გვაქვს, ვფლობდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დაფინანსება შემოდის სახელმწიფოში და რას ხმარდება ეს დაფინანსება, რომ ქვეყანა ამ მუდმივი რყევებისგან გათავისუფლდეს. ეს არის და ეს. ამ ორმაგ სტანდარტებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.